თანამედროვე ცხოვრების ტემპი, სამწუხაროდ, არ იძლევა იდეალური კვების რეჟიმის დაცვის საშუალებას. ასე რომ, ლეღვის ჩირი ან მურაბა საუკეთესო საშუალებაა წასახემსებლად. ლეღვი ან მისი ჩირი რეკომენდებულია დასუსტებული და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ის ასევე სასურველია ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღსადგენად. ლეღვის რბილობი შეიცავს სიცხის დამწევი თვისების მქონე ნივთიერებას. ამიტომ გაციების ან გრიპის დროს სასარგებლოა თბილ რძეში დამბალი ლეღვის ჩირი ან მურაბა.
ლეღვის ჩირის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ღია ყავისფერ ნაყოფს, რომელიც ოდნავ თეთრად არის დაფიფქული. თეთრი ნადები ჩირის დასამზადებლად გამოყენებული კონსერვანტი არ გეგონოთ. ის ბუნებრივი ნადებია, რომელიც ხილის გამოშრობის პროცესში გამოიყოფა.
თეთრი ნაფიფქი ხილის სიტკბოს მაჩვენებელია. ხარისხიანი ლეღვის ჩირი დრეკადი უნდა იყოს. თუ ჩირი ხელში ნამცეცდება ან იმტვრევა, ესე იგი, ის ძველია და საკვებად უვარგისია. ლეღვი ბევრ ორგანულ შაქარს შეიცავს. ამიტომ ერთ ცალ ნაყოფსაც კი შეუძლია, მოგიკლათ შიმშილის გრძნობა და მხნეობა შეგმატოთ.