შორეული მოგზაურობით ცნობილმა, თავისუფლებისმოყვარე ალბატროსმა, რომელსაც ლეგენდის თანახმად, ზეციური ძალები მფარველობენ, სახელი არაბული სიტყვისგან al-ġaţţās (ალგატას) მიიღო, რაც "მყვინთავს" ნიშნავს, მერე კი, პორტუგალიურ alcatraz-სად შეიცვალა და ლათინური სიტყვის albus (თეთრი) გავლენით დღევანდელ albatross-ად იქცა. მთელ მსოფლიოში გაშინაურებული ალბატროსი, რომელმაც 21 სახეობა გააერთიანა საკუთარ ოჯახში, ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში ვრცელდება ავსტრალიიდან ანტარქტიდამდე, თუმცა ნაწილი სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის სანაპიროზე მოიპოვებს საკვებს, ნაწილი კი, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთს - იაპონიას და ჰავაის კუნძულებს, კალიფორნიის და ალიასკის სანაპიროებს მიიჩნევს საკუთარ სამშობლოდ. ქარიშხალასნაირთა რაზმის წარმომადგენელი, საკმაოდ გაბარიტული ალბატროსი, რომლის წონა11 კილოგრამს, რეკორდული ფრთათაშორისი განი კი, თითქმის 3 მეტრს აღწევს, ერთადგილიან თვითმფრინავს ჰგავს, რადგან სწორედ ძლიერი მყესებით აღჭურვილი, ვიწრო და თხელი ფრთების ზედმეტი ძალდატანების გარეშე გაშლით ახერხებს ოკეანის ზედაპირიდან აჭრილი ჰაერის ნაკადის მართვას და მსუბუქად პლანირებას.