აფრიკული ლეგენდის თანახმად, საუკუნეების წინ ბოროტმა სულებმა ადამიანთა მოდგმა დაწყევლეს და საზარელი სენით დააავადეს. სასოწარკვეთილმა ადამიანებმა ღმერთებს მიმართეს დახმარებისთვის, რომელთაც განწირული ადამიანები შეიბრალეს და დედამიწაზე საკუთარი დესპანი - თეთრი ლომი გაუგზავნეს. სწორედ უძლეველმა, ბრძენმა ცხოველმა განკურნა ადამიანები და შეჰპირდა, რომ ნებისმიერ განსაცდელში მათ გვერდით იქნებოდა. აფრიკელებს დღემდე სჯერათ, რომ სანამ თეთრი ლომი ამაყად დააბიჯებს დედამიწაზე, ადამიანები ყოველთვის შეძლებენ შვებისა და სიმშვიდის მოპოვებას.
მართალია, დღეს თეთრი ლომის ნახვა თავისუფლად შეიძლება ნაკრძალებსა და ზოოპარკებში, მაგრამ რამდენიმე ათწლეულის წინ მხოლოდ ლამაზ ლეგენდად ითვლებოდა, რადგან ჩვეულ ველურ გარემოში მისი მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აფრიკის ფაუნის მკვლევარებმა, რომლებიც დიდხანს ცდილობდნენ თეთრი ლომის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას, მხოლოდ 1975 წელს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს სამი ქათქათა თეთრი ბოკვერი ცისფერი თვალებით, რომლებიც ტრადიციული შეფერილობის ძუ ლომს ეყოლა.
300-მდე თეთრი ლომი, რომელთაც დღეს მსოფლიო ფაუნა ითვლის, ნაკრძალების კომფორტულ პირობებში ბინადრობს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მეთვალყურეობით, რადგან ველურ ბუნებაში პრაქტიკულად არ აქვს გადარჩენის შანსი.