აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, მან რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ თუკი მოსკოვი ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებს, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევს. „თუკი რუსები ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებენ, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევთ. აი, რა ვუთხარი საგარეო მინისტრ ლავროვს. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არ შევეგუებით,“ - განაცხადა პომპეომ ჩეხეთში ვიზიტის დროს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფი დაჯგუფება „თალიბანთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს ავღანეთში კოალიციის ძალების წევრების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების, მკვლელობისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობდა.