ლატვიამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები.
საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. არადისტანციურ რეჟიმში მხოლოდ აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები განაგრძობენ მუშაობას. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ შემთხვევების მატების მიზეზი ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპია. ლატვიის ჯანდაცვის სამსახურების ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 49 %-ით გაიზარდა. დედაქალაქ რიგაში ორ უდიდეს საავადმყოფოში კოვიდპაციენტებისთვის დამატებითი საწოლები დადგეს.
ოფიციალური მონაცემებით ლატვიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 54%-ი, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.