ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. მექსიკელი ექთანი, 59 წლის მარია ირენე რამირეზი, პირველი მოქალაქე გახდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.
მექსიკაში ხუთშაბათს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 3 000 დოზა ჩაიტანეს. ქვეყანას, საერთო ჯამში, ვაქცინის 34 მილიონი დოზა აქვს შესყიდული. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩილესა და კოსტა-რიკაშიც დაიწყო.
ვაქცინაციის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს არგენტინაც, სადაც რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 300 000 დოზა ჩავიდა. რაც შეეხება ბრაზილიას, ქვეყანაში ჯერჯერობით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებიათ.