მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 3,3%-ით მოიმატა და 27%-ს შეადგენს. უცხოურ ვალუტაში კი ზრდა მხოლოდ 0,1% იყო. კერძოდ, 1-ლი ოქტომბრისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 6,5%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მცირედით - 17,8%-დან 17,9%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი ისევ 10,4% დარჩა.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3 მილიარდ 788 მილიონი ლარის სამომხმარებლო სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 6 მილიონი ლარით მეტია.