მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. კობა გვენეტაძის განცხადებით უმჯობესდება სავაჭრო ბალანსის წლიური მონაცემები, რაც პოზიტიურად აისახება გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მუდმივად აკვირდებიან სავალუტო ბაზარს და საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციებით ჩაერევიან. ბოლოს სემ-მა ბაზარზე 40 მლნ ამერიკული დოლარი გასაყიდად 1 აგვისტოს გაიტანა. დღეს კი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შადგინა.