ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება - ფინანსთა მინისტრი აცხადებს რომ ლარის ბოლო პერიოდის მერყეობა იყო აბსოლუტურად სპეკულაციური და იმ პოპულიზმით გამოწვეული, რაც საქართველოშია. როგორც ივანე მაჭავარიანი ამბობს, ძალიან ცუდია, როდესაც ყველაფრის შეფასება ლარის დოლართან მერყეობით ხდება. ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წარუდგინა. კვორუმის პრობლემის გამო 12:00 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პლენარული სხდომა 4 საათის დაგვიანებით დაიწყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემოსავლები გაზრდილია 375 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 268 მლნ ლარით. ასიგნებები 12 მლრდ 997 მლნ ლარს აღწევს. ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ძირითადი პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმდა. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს; ინფლაცია - 3,0%-ს; საბიუჯეტო დეფიციტი კი 2,6%-ია. შეგახსენებთ, რომ მანამდე პლენარული სხდომა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის უქონლობის გამო 3-ჯერ გადაიდო.