ეროვნული ვალუტა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს ჯერ კიდევ დაახლოებით ორი თვის წინ მიუახლოვდა, როცა ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,78-იან ზღვარს გადასცდა. მას შემდეგ საქართველოს მოსახლეობას, ლარი ანტირეკორდებით დღითიდღე აკვირვებს. ბოლო დღეებში ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა.ამ პირობებში ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის კურსზე ხელოვნურ ზემოქმედებას არ აპირებენ, ვინაიდან ეს მათი ფუნქცია არ არის და ლარი მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმშია. ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.9175 ლარად ივაჭრება. ვაჭრობა კი 2.9125 ნიშნულით არის დაწყებული. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისთვის 2.9010 ლარია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე არ იზრუნებს, შესაძლოა ეროვნულმა ვალუტამ კიდევ არაერთხელ მოხსნას ანტირეკორდი.