ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში კიდევ რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ლანჩხუთში, პროკურატურის შენობაში ამ წუთებში ჩვენებას გაზეთ "ლანჩხუთი პლუსის" რედაქტორი ქეთევან ვაშაკიძე და მარეხ ორაგველიძე აძლევენ. პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.