კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
"ვაქცინის საშუალო ეფექტურობა ნებისმიერი სიმძიმის კოვიდ 19-ის დაავადების წინააღმდეგ 47%-ია და არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ სტატისტიკური წარმატების კრიტერიუმებს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ შუალედური ანალიზის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, კვლევა 40 000 მოხალისეზე გამოვლენილ ინფიცირების 134 შემთხვევის საფუძველზე ჩატარდა. CureVac-ი მარცხის მიზეზად ვირუსის ვარიანტებს ასახელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანც-ვერნერ ჰაასის განმარტებით, შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ დაინფიცირების 134 შემთხვევიდან ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ერთი იყო, დანარჩენი კი ვირუსის სხვადასხვა ვარიანტზე მოდიოდა.
CureVac-ის ვაქცინა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მსგავსად mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. თუმცა, აღნიშნულმა ვაქცინებმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ 90 %-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვაქცინის გამოყენება ღირს, თუკი მისი ეფექტურობა 50% -ზე მეტია.