Oxford-AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროებას 80 %-ით ამცირებს, - BBC-ის ცნობით, ეს დასკვნა ინგლისში ჩატარებული ანალიზის შედეგად გააკეთეს.
გამოცემის ინფორმაციით, “ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მიერ წარდგენილი ეს მონაცემი 80 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის შედეგებს ეფუძნება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ შედეგი მისასალმებელია, თუმცა საუკეთესო დაცვისთვის აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა.
დასკვნას გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მედიკოსებს დაეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ იკლო ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებებში 80 წელს გადაცილებული პირების რაოდენობამ.