საქართველოს განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სავარაუდო არასწორი გათვლების გამო, წელს სკოლის მოსწავლეები შესაძლოა, სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ.
გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ვალდებულება აიღო. შესყიდვების სააგანტოს ტენდერში შპს საქართველოს მაცნემ გაიმარჯვა და წიგნების ბეჭდვისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარი აიღო. სპეციალისტებისვე განმარტებით, "საქართველოს მაცნეს" ქვეკონტრაქტორი პატარა წარმადობის 16 სტამბაა, რომელთაც არა აქვთ არც გამოცდილება და არც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ამხელა მოცულობის დაკვეთა შეასრულონ და თანაც ხარისხიანად.
გამოცემის ინფორმაციით, წლების განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა სპს კონსორციუმი - ქართული სტამბების გაერთიანება, რომელმაც მსხვილი ინვესტიციები განახორციელა სტამბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაქმნელად, რათა სახელმძღვანელოების არც ბეჭდვის ვადები დამდგარიყო ეჭვქვეშ და არც ხარისხი.