კვიპროსის პრეზიდენტმა საზოგადოების აღშფოთება გაითვალისწინა და სახელმწიფო მოხელეებს ძვირად ღირებული მანქანების უფასო გამოყენება აუკრძალა. კვიპროსის მთავრობის განცხადებას სააგენტო AR ავრცელებს.
პრეზიდენტმა სახაზინო დეპარტამენტს უბრძანა, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც მთავრობის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობების მიღმა, მათ შორის, საოჯახო მოგზაურობისა და შოპინგისთვის მანქანების გამოყენების უფლება მიეცათ.
მოხელეთა პირადი სარგებლობისთვის მანქანების გამოყენების გადაწყვეტილება მთავრობამ პროფკავშირთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ეს პრივილეგია 2013 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, საბიუჯეტო „ქამრების მოჭერის“ გამო გაუქმდა და ეტაპობრივად უნდა აღმდგარიყო.