ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ექვს ადგილზე ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტორინგს. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. „ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპი, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი.