ქვეყანაში ერთი-ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტის თითქმის 64% იმპორტირებულია. საუბარია ხახვზე, რომლის ადგილზე წარმოება შემცირდა, იმპორტი კი საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს იმპორტირებული ხახვის მოცულობა 17 ათას 821 ტონა, 2018 წელს კი 27 ათას 366 ტონა იყო.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, 2017 წელს ის მხოლოდ 9 ათას 100 ტონას შეადგენდა. 2018 წლის დაზუსტებულ მონაცემს სტატისტიკის სამსახური მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, ადგილობრივი წარმოების მაჩვენებელი იმპორტთან შედარებით წინა წელსაც მცირე იყო.
რაც შეეხება ხახვის იმპორტიორ ქვეყნებს, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ხახვის ყველაზე დიდი მოცულობა - 15 ათას 357 ტონა თურქეთიდან შემოვიდა. ასევე იმპორტიორი ქვეყნები იყო: აზერბაიჯანი, ირანი და ნიდერლანდები. 2018 წელს კი ხახვის იმპორტიორ ქვეყანათა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, ყველაზე დიდი მოცულობა 16 ათას 888 ტონა აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ამასთან, წინა წელს ხახვის იმპორტი განხორციელდა: თურქეთიდან, რუსეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ირანიდან და ნიდერლანდებიან.