იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. გაერო მოუწოდებს სამხედრო კოალიციას, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, შეწყვიტოს ავიაიერიშები, რომელსაც იემენში სამოქალაქო პირები ეწირებიან. გაეროს ცნობით, ეს ქმნის საფრთხეს, რომ იემენი მსოფლიოში ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური შიმშილის წინაშე აღმოჩნდება.იემენში სამოქალაქო ომი სამი წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც ჰუსიტმა ამბოხებულებმა, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, ქვეყნის დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი, მათ შორის დედაქალაქ სანააზე. მას შემდეგ საუდის არაბეთი აშშ-თან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად იემენის მთავრობის მხარდასაჭერად ავიაიერიშებს და ბლოკადას ახორციელებს.
გაეროში იმედი აქვთ, რომ ბლოკადა დასრულდება, რამაც იემენში საკვების დეფიციტი და პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. კონფლიქტს სულ მცირე 10 000 ადამიანი შეეწირა, მილიონობით კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მოსახლეობა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გადადგან საჭირო ნაბიჯები იემენში ვითარების შესაცვლელად. სამ წელზე მეტია, იემენში მიმდინარე დაპირისპირება მივიწყებულ კონფლიქტად არის ქცეული.