364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი. აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება. პრემიერის შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იქნება იმ დინამიკის სიმბოლო, რომლისკენაც საქართველო იწრაფვის - იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით.