შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ე.წ კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" მიმართა. ქურდული გარჩევის შედეგად, "კანონიერმა ქურდებმა" ფინანსური დავა დამქირავებლის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდა.შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.