ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს, იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.
ამასთან მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, შემთხვევის დროს, ადგილზე შესაძლოა, დაკავებული ქალის მეუღლეც ყოფილიყო. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.