ქუთაისის აეროპორტში ახალ ტერმინალს სავარაუდოდ, კომპანია "ანაგი" ააშენებს. ტენდერში მონაწილე სამ პრეტენდენტს - "ანაგი", "დაგი" და თავი მშენებლობა/ბლექ სი გრუპს შორის სწორედ კომპანია „ანაგის“ სატენდერო დოკუმეტაციის განხილვა მიმდინარეობს. შეთავაზებული უფრო დაბალი ფასის მიუხედავად, დარჩენილი ორი პრეტენდენტი ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. თუ "ანაგის" მიერ წარდგენილი დოკუმენტაციას სატენდერო კომისია სრულყოფილად ჩათვლის, კომპანიასთან 22 მილიონ 390 ათასი ლარის ხელშეკრულება გაფორმდება და მშენებელიც ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობას დაიწყებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ტერმინალის მიმდებარედ ახალი ტერმინალი აშენებასთან დაკავშირებით ტენდერი 26 ივლისს გამოცხადდა, დოკუმენტაციის მიღება 12 აგვისტოდან დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 მილიონ 305 ათას 85 ლარი იქნება და მისი მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს.