ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. როგორც „აეროპორტების გაერთიანებაში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. ტენდერი დახურული წესით ჩატარდა, რის გამოც უცნობია, რამდენმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მონაწილე იყო შპს „დაგი“. კომპანიის მიერ ტენდერში შეთავაზებული თანხა 20 მილიონ 973 ათას 349 ლარია, მაშინ როცა გამოცხადებული ტენდერის საწყისი ფასი 23 მილიონ 305 ათას 85 ლარი იყო. ტენდერი 26 ივლისს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გამოცხადა, წინადადებების მიღება კი 12 აგვისტოს დაიწყო.