ქურთული ძალები თურქებს ჩრდილოეთ სირიის სამ სოფელზე თავდასხმის განხორციელებაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
"ქურთულმა დემოკრატიულმა ძალებმა" განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთი სამ სოფელს დაესხა თავს და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძალები ასრულებენ ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის შესახებ, თურქეთი და მისი მოკავშირე ტერორისტული დაჯგუფებები ცეცხლის შეწყვეტის პროცესს არღვევენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ქურთული ძალები შეიარაღებული დაპირისპირების შეჩერების მიზნით აშშ-ს ჩარევისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია შეაჩერა და ქურთულ ძალებს 120 საათი მისცა იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი "უსაფრთხო ზონის" მოწყობას გეგმავს.