შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.
„გ.მ.-ს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - თ.ჭ. ჩართეს. ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.
„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი - 4500 ლარი და 1800 აშშ დოლარი გამოსძალეს.