რაულ კასტრომ დაადასტურა, რომ იგი კუბის „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ამ ნაბიჯით კუბაზე ძმების, რაულ და ფიდელ კასტროების 60-წლიანი მმართველობა სრულდება. პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, 89 წლის კასტრომ განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა თაობას უთმობს, რომელიც "სავსეა ენთუზიაზმით და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთებით". 2006 წელს რაულ კასტრომ დროებით შეითავსა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობები ფიდელ კასტროს ავადმყოფობის გამო. 2008 წელს, რაულ კასტრო ეროვნული ასამბლეის მიერ ოფიციალურად იქნა არჩეული პრეზიდენტად. 2011 წელს კი რაულ კასტრო „კომუნისტურ პარტიის“ ლიდერი გახდა.