მერია კოსტავას ქუჩის N54-თან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებას გეგმავს. გადასასვლელის გაუქმების სამუშაოების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 15 იანვარს იწყება და 20 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 216 ათას 623 ლარია.
პროექტში გათვალისწინებულია ჩასასვლელების კედლების და კიბეების ნაწილობრივი მონგრევა ქვაბულის გამაგრებით; ჩასასვლელების დარჩენილი სივრცის შევსება ბალასტით; ჩასასვლელებთან საკომუნიკაციო ჭების მოწყობა; ჩასასვლელების ფარგლებში საგზაო საფარის და ტროტუარების აღდგენა/მოწყობა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების წარმოება განხორციელდება ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, ადგილობრივი რეგულაციების შემოღებით. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადად კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია განსაზღვრული.