რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულიად საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ."განადგურებულები ვართ, უმძიმესი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილები უახლოესი ნათესავები არიან. ისინი დასავლეთში იყვნენ ქორწილში და თბილისში ბრუნდებოდნენ, ამ დროს მოხდა ავარია. აფხაზეთიდან დევნილები არიან და თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. და-ძმა, მზიკო და როლანდი ბებიამ გაზარდა, დედა არ ჰყავდათ" - ამბობს ოჯახის ახლობელი თამუნა სოსელია. როგორც ცნობილია, ტრაილერის მძღოლი უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.თამარ ბოჭორიშვილი
იხილეთ: უმძიმესი ავარია რიკოთის გვირაბთან: დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია