ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 1 აპრილს გახდება ცნობილი, მოგზაურობის ისტორიასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების გარდა, დამატებით ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება. როგორც გაბუნია ამბობს, მალე დასრულდება ალგორითმზე მუშაობა, რომელიც ამ კვლევებს საფუძვლად უნდა დაედოს.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და მისი ტესტირებით მოცვის გაფართოებას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ ეტაპზე რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას, ასევე სხვა მაღალი რისკის პირებში.