კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო. კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, 10 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადაეცა.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება. სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია. მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს.