გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს, ბაზრები გამოაცოცხლა. გაიზარდა ოპტიმიზმი და რისკიან აქტივებზე მოთხოვნა, რასაც შედეგად, ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.
საქმე ისაა, რომ ვაქცინის გამოყენების დაწყებასთან ერთად, თანდათან შემცირდება პანდემიასთან ჩაკეტვებით ბრძოლის საჭიროება. შესაბამისად, ეკონომიკები თანდათან სრული ძალით ამუშავდება, რასაც ნავთობის მოხმრების ზრდა მოჰყვება. სწორედ ამგვარი პერსპექტივა იწვევს ნვთობის ფასის ზრდას.
ფინანსური სერვისების კომპანია Axi-ს გლობალური ბაზრების უფროსი სტრატეგი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმისტური ინფორმაცია, ბაზრებზე დადებით მოლოდინს აძლიერებს. ამასთან მოსალოდნელია, რომ OPEC+ შეხვედრაზე, ნავთობის მიწოდების შეკვეცის ვადას 3-6 თვით გააგრძელებენ. ეს ყველაფერი კი ნავთობის ფასის ზრდას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, OPEC+ შეხვედრა, 30 ნოემბერს დაიწყება და 2 დღეში დასრულდება.