კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.
ამასთან, საგარეო უწყებამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის მანძილზე შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია პრაქტიკულად დასრულებულია.