კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ბოლო დღეების განმავლობაში კერძო თვითმფრინავებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
BBC-ის ცნობით, ჩინეთის მიმართულებით ფრენების გაუქმების შემდეგ ასობით ადამიანი მათთვის არასასურველ ადგილას აღმოჩნდა და დაგეგმილი მარშრუტით გადაადგილება ვეღარ მოახერხა. ამის გამო შედარებით მდიდარმა ადამიანებმა სამშობლოში დაბრუნება კერძო თვითმფრინავების მეშვეობით შეძლეს.
ამასთანავე, ზოგიერთი მგზავრი კორონავისურით დაინფიცირების საფრთხის გამო გადაადგილებას კერძო თვითმფრინავით ამჯობინებს, რადგან ამ გზით ხალხთან ნაკლები კონტაქტი უხდებათ და დაინფიცირების შანსიც იკლებს.
რაც შეეხება კერძო თვითმფრინავების დაქირავების ფასებს, 2-4 ადგილიანი მცირე ზომის თვითმფრინავის 1 საათის განმავლობაში დაქირავება საშუალოდ 2 400 აშშ დოლარი ღირს, 10-ადგილიანის კი 6 000 აშშ დოლარი.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 74 000-ს აჭარბებს.