ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ამერიკის სახელმწიფო უწყებებში აპლიკაცია TikTok-ის გამოყენებას კრძალავს. აღნიშნული ჩასწორება ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში გაკეთდა.
წარმომადგენელთა პალატის წევრები თვლიან, რომ აპლიკაციამ შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. მათი ვერსიით TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance ამერიკელებზე ინფორმაციას აგროვებს და შეუძლია ის კიბერთავდასხმისთვის გამოიყენოს.
საბოლოო გადაწყვეტილება ამ ჩინური აპლიკაციის წინააღმდეგ მიმდინარე თვის ბოლომდე იქნება მიღებული. თავად თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს რთული პროცესის გავლა უწევს, ჯერ წარმომადგენელთა პალატაში, შემდეგ კი სენატში, ამის შემდეგ შეიკრიბება კომისია, რომელიც მას შეაფასებს, რის შემდეგაც ის კვლავ უნდა დაამტკიცონ კონგრესში, ხოლო შემდეგ ხელმოწერისთვის თეთრ სახლში გადაიგზავნება. ეს პროცესი, როგორც წესი, მთელი შემოდგომა გრძელდება.