კომპანიამ "ჯი თი გრუპი" თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა.
პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა კამპანიაში ჩართულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
კამპანიის ფარგლებში, "ჯი თი მოტორსმა" დედაქალაქის მერიას საჩუქრად ავტომანქანა გადასცა, რომლითაც საჭიროების მქონე მოქალაქეებს პროდუქცია დაურიგდებათ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც დაესწრნენ.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.