კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 336 მილიონ 100 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 26 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87 მილიონ 700 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 248 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2018 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 3 მილიარდ 400 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 7 მილიარდ 900 მილიონი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული. ამასთან, სებ-ის ცნობით, 0.8 პროცენტით ანუ 111 მილიონ 100 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1-ლი დეკემბრისთვის 13 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.14 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.22 პროცენტული პუნქტით შემცირდა.