კომერციულ ბანკებს 2018 წლის 7 მაისიდან გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდებათ. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ცვლილების თანახმად, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი 50%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება. ამასთან, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე შეეძლოს.