კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, დიეგო მოლანოს განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების უკან, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები დგანან.
”კოლუმბია კრიმინალური ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამ ძალადობრივი ქმედებების უკან დგანან, განსაკუთრებული საფრთხეების წინაშეა”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფებს აფინანსებენ და ორგანიზებას უწევენ ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის მემარცხენე პარტიზანები და ყოფილი „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ ამბოხებულები.
კოლუმბიაში საპროტესტო აქციები გასულ კვირას მთავრობის მიერ შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ რეფორმის გაწვევაზე თანხმობა განაცხადა, საპროტესტო აქციები ორშაბათიდან დედაქალაქ ბოგოტასა და სხვა ქალაქებში განახლდა. აქციების დროს დაღუპულების რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
ადამიანის უფლებების ეროვნული ომბუდსმენის განცხადებით, 5-დღიან პროტესტს 18 მოქალაქის და 1 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი, ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს.