IDFI-ი 2013 წელს შსს-ის თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახენ ინფორმაციას ავრცელებს. 10 თვის მონაცემებით, უწყების ხელმძღვანელებზე პრემიის სახით 6 969 892 ლარია გაცემული. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შსს-ის ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი. მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. IDFI -ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები.