ქობულეთში საკარანტინო რეჟიმს სამართალდამცავები და თავდაცვის ძალების II ბრიგადა უზრუნველყოფს - Palitra News

ქობულეთში საკარანტინო რეჟიმს სამართალდამცავები და თავდაცვის ძალების II ბრიგადა უზრუნველყოფს

2020-04-13 11:25:36+04:00

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა შსს-ს ძალებთან ერთად უკვე მეორე დღეა აკონტროლებს.

22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში დილიდან უკვე მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის კი, სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული. ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც.

ორივე სოფელში აკრძალულია მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. ამ რეჟიმის აღსრულებას სამხედროები და სამართალდამცავები ერთად უზრუნველყოფენ.