შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება ქობულეთში გუშინ მომხდარ ფაქტს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული პირი სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.