ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM წელს ყველა საერთაშორისო რეისს აღადგენს და საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით ახალ მარშრუტსაც დაამატებს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ს ავიაკომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა.
მისი თქმით, მართალია KLM-ის მგზავრთა ტევადობის რესურსი და ყველა რეისის სიხშირე ჯერ ისევ შეზღუდულია, მაგრამ ავიაკომპანიას ამბიციური გეგმა მაინც აქვს, რადგან ვაქცინაციის პროგრამები ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის იმედს უსახავს.
გასულ თვეს გამოქვეყნებული ანგარიშით, Air France KLM-მა პირველი კვარტალი მილიარდ 800 მილიონი დოლარის ზარალით დაასრულა, რასაც კომპანის პრეზიდენტმა „მოლოდინზე მეტად ცუდი“ შედეგი უწოდა. ის არ გამორიცხავს, რომ თუკი კოვიდპანდემიამ ისევ იფეთქა, დარგი სახელმწიფოსგან მორიგ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. თუმცა, KLM-ის ამჟამინდელი სესხები და სხვა ფინანსური საშუალებები, რომელიც ჯამში 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარს შეადგენს, ავიაკომპანიას მომავალი საქმიანობისთვის „მტკიცე საფუძველს“ უქმნის.