ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და ფხენიანში მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" სამხრეთ კორეულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აგვისტოს თვეში კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს მსგავსი შინაარის წერილი უკვე მეორედ გაუგზავნა. წერილში ჩრდილო კორეის ლიდერი გამოთქვამს სურვილს, რომ ტრამპს კიდევ ერთ სამიტზე შეხვდეს.
აღნიშნულ ინფორმაციაზე თეთრ სახლს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ან ჩრდილო კორეის მისიას გაეროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. დონალდ ტრამპმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინისგან სამ გვერდიანი, "მშვენიერი წერილი" მიიღო და ჩრდილო კორეის ლიდერთან კიდევ ერთი შეხვედრა არ გამორიცხა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2018 წლის ივნისის შემდეგ ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და ჩრდილო კორეის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს, თუმცა შეხვედრების დროს მხარეებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.