ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ახალი "თანამედროვე მთიანი" ქალაქი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს, რომელიც ახალ ქალაქს "თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერებად" აფასებს.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქალაქში 4,000 ოჯახის დასახლებაა შესაძლებელი.
"როიტერსის" ცნობით, ქალაქის მშენებლობის დასრულება სამშენებლო მასალებისა და მუშახელის ნაკლებობის გამო გადაიდო, რისი მიზეზიც ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გახდა. თუმცა, კიმ ჩენ ინის რეჟიმმა მშენებლობის დაჩქარება "მშრომელთა ახალგაზრული ბრიგადების" შექმნით განახორციელა, რომლებიც ადამიანის უფლებების ორგანიზაციების შეფასებით სხვა არაფერი იყო, თუ არა "მონური შრომა". ახალგაზრდებს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე დღეში 12 საათზე მეტი დროით მუშაობას აიძულებდნენ, სანაცვლოდ კი უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უკეთეს შესაძლებლობებსა და "მუშათა პარტიაში" ჩარიცხვას სთავაზობდნენ.