ჩრდილოეთ კორეული მედია ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის ახალ ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ აკვიდება იგი ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნებს.
ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო სწავლება ბოლო კვირის განმავლობაში გააქტიურდა მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი საჰაერო წვრთნების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.
კერძოდ, სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება კეთილი ნების ჟესტია, რომლის მიზანიც დიპლომატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაა კორეის ნახევარკუნძულზე. აღნიშნული გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მიმართავს: "კიმ, სწრაფად უნდა იმოქმედო, რათა აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწიო. შეხვედრამდე!" - წერს ტრამპი.