უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის წინააღმდეგ და მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები ჯერ მაიდანზე შეიკრიბნენ. შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რადას შენობებთან გადაინაცვლეს. მსვლელობისას მომიტინგეები სკანდირებდნენ: "ზელენსკი - წადი!".
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გათავისუფლებას.
აქციაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.