ორთვიანი პაუზის შემდეგ კიევის მეტრომ დღეს მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ვგეგმავთ მოძრაობის ჩვეულ გრაფიკში დაწყებას, სადგურების უმეტესობა 5:45 საათზე გაიხსნება. რაც შეეხება ინტენსივობას, პიკის საათებში, მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 1,5 წუთი იქნება, სხვა დროს კი - 2-3 წუთი", - განაცხადა "კიევის მეტროპოლიტენის" დირექტორის მოადგილემ ნატალია მაკოგონმა "უკრაინა 24"-ის ეთერში.
"მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, მგზავრები ვალდებულები იქნებიან პირბადეები გამოიყენონ და ამის უზრუნველყოფაში ჩვენ პოლიცია და დაცვის სამსახური დაგვეხმარება", - განაცხადა მაკოგინმა.
მისივე თქმით, მეტროს ჟეტონების გაყიდვა 30 ივნისამდე შეწყდება და მოქალაქეებს მგზავრობისას უკონტაქტო გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, მგზავრებს შორის დისტანციის დასაცავად, მეტროში სპეციალური ადგილები იქნება მონიშნული.