თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხიტუნიძე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა ჩხიტუნიძეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. საქმის მასალების თანახმად, ჩხიტუნიძემ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირებს თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, უკანონოდ გამოიყვანა მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.