"კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერთან" - ასეთი სათაურით ავრცელებს ვიდეოს საქართველოში შემოსული მეექვსმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. სწორედ ამ მიღებას დაესწრო საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი Dinner With Georgia ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული - კანის ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.ჰოლანდიელმა ტურისტმა ჯასპერ ბლექმა გიორგი კვირიკაშვილს გაწეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ყოველდღიური საოფისე ცხოვრება საქართველოში მოგზაურობამ სრულიად შეცვალა.