ავტოავარია თბილისის ცენტრში მსხვერპლით დასრულდა. წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს გზაზე გადასვლისას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.